Sunday, August 10, 2014

[როგორ] ანუ, ძირითადი წესები (პირველი ნაჭერი)

     მგონი, ეს ამ ბლოგის ერთერთი ძირითადი პოსტი უნდა იყოს. ვეცდები, არაფერი დამავიწყდეს, არც თავი და არც სათქმელი.
     აქვე ერთი შესწორება - ავტოსტოპი, როგორც მგზავრობის საშუალება, არაფორმალურია; ასე რომ, მისი წესებიც „დაუწერელია“ და საკმაოდ პირობითი, დამოკიდებული ქვეყანაზე თუ კულტურაზე. რაც ამ პოსტში წერია, არის ალბათ არა იმდენად წესები, რამდენადაც ზოგადი რჩევები, რომლების გათვალისწინებაც სავარაუდოდ, გააადვილებს და უფრო სასიამოვნოს გახდის ავტოსტოპობას. ზოგიერთი მეტ-ნაკლებად უცვლელია სხვადასხვა შემთხვევაში, რაღაც-რაღაცეები - უფრო ქართული რეალობიდან გამომდინარე. რა რომელია, იმედი მაქვს, ეტყობა :)
     რაც შეეხება თანმიმდევრობას - ესეც პირობითია. სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება ერთი წესი (თუ რჩევა? ეს ორი სათაური მომკლავს!) უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მეორე და პირიქით. ასე რომ, დავწერ რაც და როგორ გამახსენდება.

►     ავტოსტოპისას თავიდან უნდა ავიცილოთ გადატვირთული გრაფიკი: კარგად გამართლებული ავტოსტოპით მგზავრობა საშუალოდ უფრო სწრაფი კია, ვიდრე სამარშუტო თუ ავტობუსი, თუმცა სრულიად არაპროგნოზირებადია: ერთ დღეს თუ ათიოდე წუთში გააჩერა რამე მანქანამ, იმავე ადგილას და დღის იმავე დროს მეორე დღეს შეიძლება საათზე მეტი დგომა მოგვიწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი სადმე მისწრებაა საჭირო, ავტოსტოპი ან არ ვარგა, ანდა, ჩვეულებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროზე სულ მცირე, 1,5-ჯერ მეტი დრო უნდა იყოს მარაგად. მაგალითად, 3 საათი 2საათიან გზაზე.

►     ხელის ნიშანი: გზაზე დგომისას და შემხვედრი მანქანების გაჩერებისას არ ივარგებს ის მოქმედებები, რომლითაც ტაქსს, სამარშუტოს ან ლუდით კარგად მომარაგებულ ბირჟასთან ჩავლილ მეზობელს ვაჩერებთ ხოლმე. ალბათ თითქმის მთელ მსოფლიოში, სადაც ავტოსტოპი გაუგიათ მაინც, გაუგიათ ამ ფორმით - გზისკენ გაშლილი მკლავი და აწეული ცერი - ზუსტად ისე, როგორც სურათზე ჩანს. სხვანაირად მძღოლს ხელს ვუშლით, სწორად გაიგოს, რა გვინდა მისგან და მისი მანქანისგან.

►     ვიზუალური კონტაქტი. რაც უფრო ადრე და კარგად დაგვინახავს მძღოლი, მით უფრო მეტია შანსი, რომ გაერკვეს, რა ხდება და გააჩეროს. უცნაურია, მაგრამ არგამჩერებელი მძღოლების დიდი უმრავლესობა სქელკანიანი გარგარი კი არ არის, არამედ ისინი ძალზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც მართვის პროცესში ჩართულები, დროის რამდენიღაცწამიან მონაკვეთში (ჩვენი შემჩნევის მომენტიდან ჩავლამდე) ვერ ასწრებენ ორ რამეს: დანახულის ბოლომდე გაცნობიერებას და, ამის შემდეგ, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ ვარგა მოსახვევის თუ გვირაბის მერე დადგომა საავტოსტოპედ. პირიქით, სასურველია ისეთი ადგილის არჩევა, სადაც მანქანებს ძალაუნებურად ნელა გავლა უწევთ, ანდა, გაჩერების შემდეგ იძვრებიან: გრძელი აღმართის ბოლო, გზის ოღროჩოღრო ნაწილის შემდეგ, ავტოგასამართი სადგურის თუ გზისპირა სავაჭრო ზონის ბოლოში და ა.შ.. ზოგადად - მძღოლს საკმაო დრო უნდა ჰქონდეს, რომ შეგვამჩნიოს, გაგვარჩიოს, მიხვდეს რა გვინდა, შეაფასოს სიტუაცია - შეუძლია თუ არა გაჩერება, აქვს თუ არა ადგილი და მიიღოს გადაწყვეტილება.

►     დგომის ადგილი. მძღოლები კარგად უნდა გვხედავდნენ, მაგრამ მათ მოძრაობაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ. უნდა ვიდგეთ ისე, რომ მთლიანად - ბარგიან-ხელიანად გზის სავალი ნაწილის მიღმა ვიყოთ. მცდარი წარმოდგენაა, თითქოს თუ მანქანებს გადავუდგებით და შევაფერხებთ, უფრო გაგვიჩერებენ. პირიქით, ამგვარი შეფერხება აგრესიას და მსგავს უარყოფით განცებს იწვევს მანქანაში მყოფთათვის. ასე რომ, გვახსოვდეს - გზის სავალი ნაწილი მანქანებისაა, განაპირა მხარე - ჩვენთვის. საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან დანაშაულია, მძღოლის მხრიდან -  გააჩნია: გვიჩერებს თუ გვეჯახება. არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დგომის ადგილის შორიახლოს მძღოლს მანქანის გაჩერება უნდა შეეძლოს - ჯერ შენელება და შემდეგ გზისპირას გადმოსვლა. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ გზის სიგანე, მოძრავი მანქანების სიჩქარე და მათ შორის დისტანცია.

►     რაოდენობა. ვინ გვინდა, რომ გაგვიჩეროს? უმეტეს შემთხვევაში სამიზნე ტრანსპორტი მსუბუქი და სატვირთო მანქანებია, მაქსიმუმ 4-5 შესაძლო თავისუფალი ადგილით, უფრო ხშირად კი - 2-3-ით. შესამაბისად, თუკი უფრო მოზრდილი ჯგუფი ვართ, სასურველია ორ ან მეტ ნაწილად გაყოფა. საშუალოდ, მარტო მდგომ ადამიანს უფრო იშვიათად უჩერებენ, ვიდრე ორ ან სამს. იდეალური რაოდენობა 2 გამოდის, რაკი 3 თავისუფალი ადგილის ალბათობა ცოტა ნაკლებია. 4? ესეც შესაძლო რაოდენობაა, თუმცა მძღოლის სურვილს დასაჯდომმა ადგილებმაც უნდა შეუწყოს ხელი. 5 უკვე ბევრია. დგომისას უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამე: ყველანი უნდა ვჩანდეთ, როგორც ერთი ჯგუფი. არცერთ მძღოლს არ გააბედნიერებს გაჩერების შემდეგ მოულოდნელად გამოჩელილი ადამიანები. უფრო მეტიც, თავს მოტყუებულად იგრძნობს.

►     სქესი. დავიწყებ კარგით. განვითარებულ ქვეყნებში ავტოსტოპისას ამ ფაქტორს თითქმის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა უფრო ახლო რეალობა. საქართველოში ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ბიჭის და გოგოს შემთხვევაში ავტოსტოპი საგრძნობად უფრო ადვილია, ვიდრე ორი ბიჭის, ან, ორი გოგოს შემთხვევაში (ამათა, პატრონი არა ყავთ?). ცალკე თემაა მძღოლის სქესი. რასაც მიხვდით, სავსებით სწორია - საქართველოში ავტოსტოპისას ქალები ზოგადად ვერ აჩერებენ, მით უმეტეს, თუკი გზისპირას ერთი ბიჭი მაინც დგას. მათ ხომ ის დაინახავს და მერე რას იფიქრებს და მერე რას იტყვის... საქართველოში ავტოსტოპის 4-5 წლის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ გამიჩერა ქალმა (სამივე შემიყვარდა მათი ამ გადაწყვეტილების გამო), მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში პრინციპში, ქალებს კაცებისნაირი სიხშირით გაუჩერებიათ, მათ შორის, არაერთხელ პატარა ბავშების თანხლებით.

►     თვალებით კომუნიკაცია. კი, ასეა. მარტო ხელი ხშირად საკმარისი არ არის. მით უმეტეს, ავტოსტოპისას. რაც არ უნდა დიდი შემართებით გვქონდეს გზისპირას ხელი გაშვერილი, თუკი თან facebookზე ჩვენი დამთაგველის ვოლზე დაწერილი ბოლო კომენტარის ავტორის პროფილის ახალი სურათის დალაიქების პროცესში ვართ ჩაფლულები, ანდა, შაურმას შევექცევით და შიშით ველით ცოფიანი წიწაკის ნაღმს, რიგითი მძღოლი უბრალოდ, ხელს არ შეგვიშლის ამ დიად საქმეებში და უხმაუროდ გაეცლება ადგილს. მგონი, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ჯგუფური პასუხისმგებლობა იგივეა, რაც პასუხისმგებლობის არარსებობა. ამიტომ, გასათვალისწინებელია, ყოველი გამოვლილი მძღოლი ხედავდეს, კონკრეტულად მას რომ ვთხოვთ გაჩერებას. ამისათვის, რამდენადაც მოძრავი მანქანების სიხშირე იძლევა საშუალებას, რაღაც ხანი ყველა პოტენციურად გამჩერებელ მძღოლს უნდა შევხედოთ თვალებში რიგრიგობით. თუკი მძღოლი არ ჩანს, უნდა შევხედოთ შუშის მიღმა იმ ადგილს, სადაც ის გვეგულება (გვემალება). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელის ნიშანთან ერთად, მძღოლიც ხედავდეს ჩვენს თვალებს პირდაპირი მნიშვნელობით. ავტოსტოპისას კეპიანი ქუდი, თვალებზე ჩამოფხატებული პანამა და, განსაკუთრებით, მზის სათვალე (არადა რა კაია) ხელისშემშლელია: ბევრისთვის, ვინც არ გვიჩერებს,  ის მიზეზიც საკმაოა, რომ უცნობს ხედავს გზაზე, და როცა გზაზე დგას უცნობი უცნობი სახით?

►     აი, გაგვიჩერეს. რას ვაკეთებთ? გვიხარია. კი, ეს პირველია. მერე, მოვავლებთ ხელს ბარხანას (საჭირო ჩვევაა - სადაც ვიდექით, იმ ადგილისთვის საბოლოო თვალის შევლება, რამე ხომ არ გვრჩება) და გავრბივართ მანქანისკენ. ზურგჩანთებით თუ სხვა ბარგით სირბილი ადვილი არ არის. რაკი გააჩერა, უახლოეს წამებში მძღოლი სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას არ შეცვლის. თუმცა, ჯობია, მაინც გავიქცეთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში სწრაფად მაინც ვიაროთ - ჩვენი მხრიდან ეს იმის ჩვენებაა, რომ მძღოლის დროს პატივს ვცემთ და, შეძლებისდაგვარად ვუმოკლებთ ლოდინს. მიაქციეთ ყურადღება - ხშირად, პარალელურად მძღოლებიც ითვალისწინებენ ჩვენს ტვირთს და, გაჩერების შემდეგ უკუსვლით მოდიან ჩვენსკენ.  მივადექით მანქანას. მართალია, უმეტეს შემთხევევაში მძღოლი მარცხნივ ზის, მაგრამ მანქანას მარჯვნიდან უნდა შემოვუაროთ: სხვანაირად გზის სავალ ნაწილთან ახლოს, ან ზედ სავალ ნაწილზე აღმოვჩნდებით და ჩვენს თავსაც და სხვებსაც დიდ საფრთხეს შევუქმნით. 
    ►     ვერბალური კომუნიკაცია. სრულდება არავერბალური კომუნიკაციის ეტაპი. მივედით მანქანასთან (მძღოლთან). ურთიერთობის ყველაზე სასურველი დასაწყისი არის მისალმება მძღოლის მშობლიურ ენაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ ვიცით მძღოლის ენა, კარგია, თუკი „გამარჯობა“-ს მაინც მის ენაზე ვეტყვით. უკეთესია, ვუთხრათ, საით გვინდა წასვლა, ვიდრე ვკითხოთ, საით მიდის. ამის შემდეგ ირკვევა, ემთხვევა თუ არა ჩვენი და მისი გზები ნაწილობრივ მაინც. ამ საუბრისას მანქანის გარეთ ვრჩებით. ხომ შეიძლება, სულ სხვაგან მიდიოდეს. ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მძღოლისთვის მადლობის გადახდა და მერე ამოხვნეშა - ეჰ...

    კიდევ ერთი ეჰ - კაი გრძელი პოსტი გამოვიდა. არადა, ბლომად დარჩა. თან, ჯერ ვერავის ვერ დავემგზავრეთ. თუმცა, ავტოსტოპისას გულის გატეხვა არ შეიძლება - ესეც კიდევ ერთი წესი, თან, მზე ჯერ კიდევ მაღლაა. 

    No comments :

    Post a Comment