Sunday, September 28, 2014

ნაკლები ტექსტი

 (მაინც ტექსტით რატომ იწყება?) აქამდე გამოყენებული ფოტოები არც ჩემებია და არც მათ ჩოფირაითს მივტირი დიდად. ესენი, რაც ამოვქექე, ჩემებია, სხვადასხვა ავტოსტოპების და დროების ამბები.


კახეთიდან აეროპორტის ტრასაზე. ცოტა ხნის წინ წვიმდა. რადიოში სისულელეებს ლაპარაკობენ.





 
2005 წელი ან უფრო ადრე. სცენა გაჩერებიდან 10 წუთის შემდეგ. კიდევ 10 წუთიც და დაღამრთი მორჩება (ფირიც), ამ მანქანას კი ვირი წაათრევს.



დუშეთის გზა. ზილის ზმუილი, ზემოთ ზოლები და მზიანი ზამთარი. 

ხევსურეთი. მატყლიანი ძარა და ძალიან დამწუხრებული სანდრო.

და რამდენიმე არცთუ ურიგო ადგილი, სადაც სრულიად შემთხვევით, მხოლოდდამხოლოდ ავტოსტოპის წყალობით აღმოვჩნდი.











































Sunday, September 14, 2014

ვინ ვინ არის. 2012.

     ესეც ამბავია. მგონი იმსახურებს დაწერას მაინც. დავიწყებ იმით, რომ სახეების დამახსოვრება და ცნობა ძალიან მიჭირს. მეორე მხრივ, ვისაც მოვუყევი, ბევრმა დამიდასტურა, რომ არ შევმცდარვარ. თქვენც მოგიყვებით. 
     ორი წლის წინ, ერთ დილას, დუშეთიდან თბილისში მივდიოდი ავტოსტოპით. ქალაქის ბოლოსთან ერთმა მანქანამ გამიჩერა - მოზრდილი და ცოტა მოძველო ჯიპი იყო. უკანა სავარძლებზე, სადაც დავჯექი, ასევე მოზრდილი და ცოტა მოცელქო ძაღლი დამხვდა. წინ - ბიჭი და გოგო, ჩემზე ცოტა უფროსები. მგონი, ერთადერთი ავტოსტოპი იყო, როდესაც საერთოდ ვერ შევძელი დანარჩენებთან ცოტა მაინც გამოლაპარაკება. ერთი ძალიან საყვარელი მიზეზი ისეთი რუდუნებით მლოკავდა და მეთამაშებოდა, ვერ ვიმეტებდი თავიდან მოსაშორებლად. მეორე მიზეზი - გრძელი სატელეფონო საუბარი მძღოლსა და, ცხადია, ჩემთვის უცნობ ადამიანს შორის. საუბარი, რამდენადაც მახსოვს, თითქმის მთელი გზა გაგრძელდა - საკმაოდ სერიოზული და დატვირთული. ბიჭი რაღაც სასწავლო დაწესებულების ამბებს არკვევდა თუ აგვარებდა და ხშირად საკმაოდ განიცდიდა. ასეთ დროს გოგო ცდილობდა ხოლმე მის დამშვიდებას. გამაკვირვა დიალოგის იმ ნახევარმა, რისი მოსმენაც ძალაუნებურად მომიწია. ბიჭი ძალიან დალაგებულად ლაპარაკობდა, აზრიანად მსჯელობდა და, ჩემი აზრით, ძალიან სწორი პოზიციის დაფიქსირებას ცდილობდა. ერთადერთი შტრიხი, რაც დღემდე დამამახსოვრდა, იყო ის, რომ შეუბრალებლად აკრიტიკებდა რაღაც ბენდუქიძისეულ მეთოდს, რომელიც (რაღაცის და რაღაცის მეშვეობით) სტუდენტებს სწავლის ნაცვლად ავი ძაღლებივით გეშავდა (მაგალითად...). გაკვირვებით კი ამან გამაკვირვა - როგორ ახერხებდა ეს ადამიანი ასეთ მოუხერხებელ ვითარებაში (მანქანის მართვა, სიჩქარე, სრულიად უცხო ადამიანი) და ამდენი ხნის განმავლობაში (ნახევარ საათზე მეტი) ასეთ კარგ, არგუმენტირებულ მსჯელობას, და, რაც მთავარია, ფიქრს... დამეთანხმებით, ყურზე ბლუთუსი დიდი შეღავათი ვერაა, ამ შემთხვევაში მაინც.
     მარჯანიშვილის ხიდთან ჩამოვედი. მადლობა, ნახვამდის და ჩემი საქმეების მისახედად გავწიე. თანდათან და ჩემდაუნებურად ეს ყველაფერი დავიწყების გზას დაადგა, მაგრამ ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილს: რამდენიმე თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ამ ბიჭის სახე ლურჯ პლაკატებზე გამოჩნდა.