Tuesday, August 19, 2014

შავი და თეთრი

     ერთერთი სექტემბერი. დაახლოებით 20:00. გრძელ გზაზე ავტოსტოპისას აბაშაში აღმოვჩნდი. იმ საღამოს სენაკში უნდა ჩავსულიყავი. საკმაოდ ბევრი მანქანის გამოცვლა მომიწია, თუმცა აბაშამდე მაინც ძალიან ადვილად ჩავაღწიე.   კიდევ  13  კილომეტრიც და სენაკში ვიქნებოდი.  
   20:10 > 20:20 > 20:35 > 20:55 > 21:30 > 22:20.
   ვიძაბები > ვღიზიანდები > ვბრაზდები > ვცოფდები > ვიფურთხები > ვიგინები.
ჩვეულებრივი მოძრაობაა, ჩვეულებრივი ადგილია ტრასაზე, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვისაც მთელი დღე ჩვეულებრივად უჩერებდნენ, ჩვეულებრივად გამოვიყურები და ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არავინ არ გამიჩერა, თუნდაც სხვაგან მიმავალმა, თუნდაც სამარშუტომ. აბაშიდან მაშინათვე რომ წავსულიყავი, ამასობაში სენაკში ფეხითაც ჩავიდოდი. როგორც მოულოდნელადაც დამატყდა ეს ამბავი დღის ბოლოს, ასევე მოულოდნელად გამიჩერა ერთმა ბიჭმა ცარიელი მანქანით და გამიყოლა. უზომოდ მიხაროდა, თან მიკვირდა - რატომ გამიჩერა? აკი აღარავინ არ მიჩერებდა... თან მძღოლის მიმართ მადლიერების გამოხატვის ფორმებს ვეძებდი. მე, ღამე, სენაკის გზა, არეული ფიქრები და ოპელი.
     ეს ამბავი შედარებით უფრო დიდი ხნის წინ მოხდა. რამდენადაც მახსოვს, ნატახტარიდან მცხეთაში მივდიოდი. ვინც გამიჩერა, თბილისში მიდიოდა. ჩაჯდომის და დაძვრის მერე ერთ-ორ უწყინარ კითხვაზე მძღოლისგან პასუხად სრული დუმილი ან, უკეთეს შემთხვევაში, გაუგებარი „ჰუუმმმმ“ რომ მივიღე, უკვე გასაგები იყო - სასიამოვნო მგზავრობების ჰიპოთეტური სიის ქვედა ნაწილთან მქონდა საქმე. სუბიექტურად გაიწელა, თორმე გზა შორი არ იყო. სულ რამდენიმე კილომეტრში, მცხეთის გადასახვევთან უნდა ჩამოვსულიყავი, რაკი თბილისისკენ მიმავალი მთავარი გზა მცხეთაში არ შედიოდა. ამასობაში, ყურადღება იმასაც მივაქციე, მძღოლის სახე გარემოში ზოგადი ანტიპათიის გარდა, გარკვეული რაოდენობით ალკოჰოლსაც რომ გამოასხივებდა, რაც, სხვათა შორის, მანქანასაც ეტყობოდა. დაძაბული ვიჯექი და ველოდებოდი კიდევ რამდენიმე წუთის გასვლას, სანამ ნანატრ გადასახვევთან ჩამოვიდოდი. როგორ, არ ვიცი, მაგრამ თან იმასაც ვცდილობდი, მძღოლის შავბნელი განწყობა არ გადამდებოდა - სარეცხი საშუალებები გუნება-განწყობილებისთვის თან არ მქონდა.
     სენაკის გზა: აბაშიდან მალევე, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, გზაზე კიდევ ერთი ბიჭი გამოჩნდა - ისიც ავტოსტოპით მიდიოდა სადღაც. ამან კი, ვინც მე ჩამისვა, ვითომც არაფერი, ჩაუარა და არ გაუჩერა.  
     მცხეთის გზა: გადასახვევს მივუახლოვდით თუ არა, ის იყო, უნდა მეთქვა, „აქ ჩამოვალ“-მეთქი, რომ მძღოლმა, თავის ამ უკიდურესად მოღუშულ სახეში ოდნავი ცვლილების გარეშე, თბილისის (თავისი) გზიდან მცხეთისკენ გადაუხვია, და ბოლო მოსახვევამდე მიმიყვანა.

Friday, August 15, 2014

[რატომ] ანუ, რა სარგებლობა მოაქვს ავტოსტოპს

   ჩინჩვლა? ააჰ, ბევრი სკეპტიკოსის სასიხარულოდ, სათაურში მოცემული კითხვა ჯერ მაინც ძალაშია სხვადასხვა შესაძლო ფორმით: რატომ იწვალებთ თავს, რა ძალა გადგიათ, არ გეშინიათ, არ გირჩევნიათ ადამიანურად მგზავრობა (ავტოსტოპი ხო ანტილოპურად მგზავრობაა) და ასე შემდეგ. ვინ გასცემს ამ კითხვებს პასუხს? დარწმუნებული ვარ, ბევრი, ვისაც ერთი-ორჯერ მაინც უმგზავრია ავტოსტოპით და იცის მისი ხიბლი.
   სულ არ მაქვს ილუზია, რომ ავტოსტოპი მგზავრობის საუკეთესო საშუალებაა (მე პირადად ფასკუნჯი და ველოსიპედი მირჩევნია ყველაფერს), მით უმეტეს, წინა პოსტებში არაერთი უარყოფითი მხარე გამოიკვეთა (არაპროგნოზირებადობა დროში და მძღოლში, მანქანაში ადგილების შეზღუდული რაოდენობა, დგომის ადგილის სპეციფიკა და ა.შ.). დროა, დადებით მხარეებს მივდგე, მით უმეტეს, რომ ეს ამალა უარყოფითებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
  დაწყებიდან დამთავრებამდე, ავტოსტოპით მგზავრობა ერთი პატარა, ან არც ისე პატარა თავგადასავალია - თავისი მოულოდნელობებით, ხალისით და დაღლილობით, ახალი შთაბეჭდილებებით... განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის რუტინულობისგან. 
   ავტოსტოპი ხშირად საკმაოდ კომფორტულია - განსაკუთრებით გამართლებული ავტოსტოპი. დამეთანხმებით, მსუბუქი მანქანით მგზავრობა უფრო სასიამოვნო და ხანმოკლეა, ვიდრე სამარშუტოთი, ავტობუსით ან მატარებლით, განსაკუთრებით, საქართველოს შემთხვევაში. სხვა საკითხია, როდესაც შეიძლება, მსუბუქი მანქანის ნაცვლად კამაზის ან სამხიდიანი ურალის ძარაზე აღმოვჩნდეთ, თუმცა მე (მგონი, არა მარტო მე) ესეც მირჩევნია ჩვეულებრივ ტრანსპორტს.
   არ დაგვავიწყდეს, რომ ავტოსტოპი სრულიად უფასოა. და თუ უცებ სადმე წასვლა მოგვნიდა, ავტოსტოპი დიდ თავისუფლებას იძლევა როგორც მოგზაურობის სიშორის, ასევე ქვეყნების მხრივაც. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან როგორც კარგახანია ვატყობ, იმ კარგ ადამიანებს, ვისაც მოულოდნელად სადმე შორს ბოდიალის დიდი სურვილი უჩნდებათ, მაინცდამაინც ბევრი ფული არ აქვთ ხოლმე (ისიც ხომ გვახსოვს, ბევრი ფული რას უშვება დროს). ერთხელ არ დამეზარა და საკმაოდ კარგი მიახლოებით გამოვთვალე (წელიწადში ნავალი მანძილების მიხედვით) რა დამიჯდებოდა, ავტოსტოპის ნაცვლად ჩვეულებრივი ტრანსპორტით რომ მევლო. - 700-800 ლარი ყოველწლიურად. რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს კი, ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ავტოსტოპის გარეშე, პრინციპში, ვერსადაც ვერ ვივლიდი.
   ესე იგი, ავტოსტოპი გლუხვად გვჩუქნის ადგილებს. ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ავტოსტოპი ასევე გვჩუქნის ადამიანებს. რაც არ უნდა მიკერძოებულობად, სუბიექტურობად ან ტენდენციურობად ჩანდეს ვიღაცისთვის, ეს ამ ბლოგზე ხმამაღლა უნდა ეწეროს - ის, ვინც ავტოსტოპისას გვიჩერებს, პოტენციურად და საკმაოდ დიდი ალბათობით უფრო საინტერესო, რეალიზებული და გულისხმიერი ადამიანია დანარჩენებთან შედარებით (ცხადია, თანაბარ პირობებში - დასაჯდომი ადგილი იქნება თუ გაჩერების შესაძლებლობა). არაეთრთი, ამ დროისთვის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ავტოსტოპის მეშვეობით გავიცანი. სულაც არ მიკვირს. ჩამოთვლის გარეშეც დამიჯერებთ. მით უმეტეს ისინი, ვისაც ვგულისხმობ.
   ავტოსტოპი სტანდარტული მგზავრობის ალტერნატიული ფორმაა. ამავე დროს, ხშირად თვითონაც გვიჩენს გზის და მისასვლელი ადგილების საკმაოდ კარგ ალტერნატივებს - მით უმეტეს, თუკი რაღაც ადგილას პირველად მივდივართ და ადგილობრივი მძღოლი შეგვხვდა, იმ მიდამოების კარგად მცოდნე. ასეთი ინფორმაცია თუ რჩევები არაფრით ჩამოუვარდება ცნობარებში თუ გზამკვლევებში მოცემულებს, განსაკუთრებით, ქართულენოვანი და საქართველოსთან დაკავშირებული ცნობარების შემთხვევაში. ვინ იცის, რამდენ ადგილას არ ვიქნებოდი დღემდე მოხვედრილი, ავტოსტოპით რომ არ მემგზავრა. 
   არის შემთხვევები, როდესაც ავტოსტოპი ტრანსპორტით მგზავრობის საჭიროებისას ერთადერთი გამოსავალია: პატარა სოფლები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის; ანდა, თუკი სამარშუტო გაგვასწრებს ან ჩვენთვის მოუხერხებელ დროს დადის. აი, როგორ შეიძელბა მოვხვდეთ თხილიანის სერზე სოფელ ფიჭვიანში (დამიჯერეთ, კარგი ადგილია)? როგორ უნდა მოვახერხოთ ბაზალეთის ტბაზე მზის ჩასვლის ყურების შემდეგ წყეულ თბილისში დაბრუნება (ბოლო სამარშუტო - 17:30)? 

Thursday, August 14, 2014

[როგორ] ანუ, ძირითადი წესები (მეორე ნაჭერი)

არ მეგონა, წესებთან დაკავშირებით ამდენის წერა თუ მომიწევდა. თვითეული მათგანი საკმაოდ მარტივი, ცხადი, მაგრამ მნიშვნელოვანი მეჩვენება, ამიტომაც ვერ ვიმეტებ გვერდის ასავლელად. სხვა რა გზაა - ვაგრძელებ დაწყებულს.

►     მიმიკა. გარეთ ცივა, ქრის ქარი, წამეყინა ისა, რაქვია... - ცერა თითი. აი, ვდგავართ გზისპირას, გვაწვიმს, გვათოვს, ცოტა ხანში უკვე დაგვაღამდება, გვშია, გვწყურია, აქეთ სწორი ნაწლავი ითხოვს თავის წილ ყურადღებას... და, რა თქმა უნდა, არავინ გვიჩერებს. რაღა დარჩა? ჰო, ერთი ტორნადო არ გვიახლოვდება და არც გაღარიბებული ურანის დასხივება მიგვიღია (მგონი). მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - არავინ არ გვიჩერებს. ასეთ შემთხვევებში დიდ როლს თამაშობს ერთი უბრალო ადამიანური კანონზომიერება - თუნდაც მცირე დისკომფორტი თუკი რაღაც ხანს სტაბილურად გრძელდება, ეს ცხადად გვეტყობა სახეზე, და, ზოგადად სხეულზე. სულ რომ არაფერი გვაწუხებდეს და უბრალოდ დიდხანს მოგვიწიოს ავტოსტოპისას ლოდინი, გვინდა-არგვინდა, თანდათან ნაირნაირი უარყოფითი განცდებით ავივსებით და, დამეთანხმებით, სასიამოვნო შესახედები ნამდვილად არ ვიქნებით. და ეს ბუნებრივია, თუმცა, შეკრული წრის პრინციპით არცთუ ისე სასიამოვნო პერსპექტივა გვეშლება წინ: რაც უფრო დიდხანს არ გაგვიჩერებს არავინ, მით უფრო მოგვეღრიცება სიფათი და კიდევ უფრო შემცირდება იმის შანსი, რომ საერთოდ ვინმემ გაგვიჩეროს. გამოსავალი ერთადერთია - ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და, რამდენადაც შევძლებთ, გავითვალისწინოთ. ყოველ მომდევნო მანქანას უნდა შევხედოთ და ავუწიოთ ხელი ისე, როგორც საავტოსტოპედ დადგომის პირველ წუთებში. საჭიროა სახეზე აღბეჭდილი პოზიტივი. თან ნამდვილი. ხალისი, უდარდელობა და სიმშვიდე კი არ უნდა განვასახიეროთ, არამედ, ასეთები უნდა ვიყოთ. სულ არ არის სასიხარულო, მაგრამ, დამიჯერეთ, ასე  ბევრად მეტი შანსია, ვინმემ გაგვიჩეროს. ახლა ყველზე მთავარი კითხვის ჯერია: საიდან უნდა მოვიტანოთ ეს დადებითი განცდები, როდესაც ვდგავართ, ვიყინებით და ამდენი ხანი არავინ გვიჩერებს? პასუხი: ლომის უკანალიდან (უარეს შემთხვევაში, ტუმბოჩკაც წავა). მეტი რა გითხრათ? საიდანღაც უნდა მოვიტანოთ. ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად საჭირო ინვესტიციაა - გაუთავებელი დგომა უფრო ძნელია. და ბოლოს, კიდევ ერთი რამე - არც მეორე უკიდურესობა ვარგა (ავტოსტოპისას, ცხადია!) - სიცილ-ხარხარი. ადვილი გასაგებია მძღოლის შესაძლო რეაქციები - არ გავუჩერებ, მერე რა უჭირთ, მშვენივრად არიან; ანდა გაჩერების თხოვნის სერიოზულად არ ჩათვლა და ა.შ. ესე იგი, მარტივად - გვჭირდება ზომიერად გამოხატული და დროში სტაბილური დადებითი განწყობა.

►     მანიპულაციის გარეშე. ხშირი შეცდომაა, როცა ვინმეს ჰგონია, რომ ცუდად ყოფნის, დაშავების, ნატკენი ფეხის და მსგავსი ხათაბალის გათამაშებით გაუადვილდება ავტოსტოპით მგზავრობა. არავის არ ვურჩევ ამის ცდას. ჯერ ეს ერთი, ამდაგვარი რამეების იმიტაციისას საკმაოდ უარყოფით შთაბეჭდილებას ვახდენთ მძღოლზე, რომელიც შესაძლო კონტექსტის აზრზე არ არის და ძალიან ადვილად ეგონება რამე უარესი და სულ სხვა, რის გამოც ნამდვილად არ ექნება გაჩერების სურვილი. ცალკე ამბავია თვითონ ტყუილი, რომელიც ადრე თუ გვიან გაირკვევა და დამატებით უსიამოვნებას წარმოშობს იმ იშვიათ შემთხვევაში, თუკი ვინმემ მაინც გაგვიჩერა.

►     მანქანაში. როგორც იქნა, გაგვიჩერეს და გაგვიყოლეს. დამეთანხმებით, პირველივე ფრაზებში უნდა ფიგურირებდეს „მადლობა“ და ჩვენი ქცევაც ამის შესაბამისი უნდა იყოს. სულ ერთია, ტორპედოზე გვინდა ტალახიანი ფეხების შემოლაგება თუ დაუმთავრებელი ბიჩოკი მოენატრა ფილტვებს, ყველა შემთხვევაში ჯობია თუ ჯერ მძღლოს მივმართავთ „შეიძლება“-ს შემცველი ფრაზით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვებისთვის დახმარების გაწევა - ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მომავალში
ავტოსტოპით იმგზავრებს და ვისაც ეს მძღოლი ჩაუვლის მანქანით. რას ნიშნავს ეს, მე მგონი, გასაგებია - უნდა ვეცადოთ, რომ გავაუმჯობესოთ ამ მძღოლის დამოკიდებულება ავტოსტოპისა და მეავტოსტოპეების მიმართ. უკიდურეს შემთხვევაში, არ გავაუარესოთ მაინც. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, გაუჩერებს თუ არა სხვა დროს ეს მძღოლი სხვა ადამიანებს, ან, სულაც, ისევ ჩვენ. ამისთვის ყველაზე ბუნებრივია, საუბარს მივმართოთ - კერძოდ, მძღოლთან საუბარს. იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც მძღოლს სულ არ ეხალისება საუბარი და ეს თავინდანვე ირკვევა ხოლმე. ძირითადად კი პირიქით, მძღოლების უმეტესობა ჩვენგან ხმის გაცემას და, რაღაც აზრით, გახალისებას მოელის. თემაც გამოიძებნება როგორღაც...

►     გადმოსვლა. არის ორი ვარიანტი - მანქანამ გაგვიყოლა იქამდე, სადაც მივდიოდით; ან გაგვიყოლა გზის რაღაც ნაწილზე. პირველ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია - მივდიოდით ნოჯიკეთში და ავედით ნოჯიკეთში. მეორე შემთხვევაში კი ცოტა წინდახედულება გვმართებს - შეიძლება ღირდეს უფრო ადრე ჩამოსვლა, და უკეთეს ადგილას დადგომა, ვიდრე ჩვენს სასურველ ადგილთან უფრო ახლოს ჩამოსვლა და უარეს საავტოსტოპე ადგილას აღმოჩენა. ეს ყველაზე ცხადია ორ შემთხვევაში: ♪ ) დიდი ქალაქების; და ♫ ) გზაგასაყრებთან.
   ♪ ) მაგალითად, მივდივართ ბათუმში, მანქანა კი, რომელმაც გაგვიჩერა, ქუთაისში მიდის. ქუთაისში შეყოლას ჯობია ქალაქის შესასვლელთან ჩამოსვლა - სხვანაირად შეიძლება თითქმის მთელი ქუთაისის ფეხით ან რამე სხვა ტრანსპორტით გავლა მოგვიწიოს ქალაქის მეორე გამოსასვლელამდე. ქუთაისის შესასვლელთან ჩამოსვლით შანსი გვაქვს, გავყვეთ ვინმეს, ვინც, სულ მცირე, ქუთაისიდან გაგვიყვანს.
   ♫ ) სადაც დიდი გზაგასაყარია და მანქანა ამ ადგილიდან ისევ ჩვენთვის სასურველი მიმართულებით აგრძელებს გზას, მაგრამ არა ბოლომდე (ვთქვათ, კიდევ 8 კილომეტრი გზაგასაყარიდან) უკეთესია გზაგასაყთან ჩამოსვლა. რატომღაც ისეა, რომ გზაგასაყარი ბევრი მძღოლისთვის უფრო ბუნებრივ გასაჩერებელ ადგილად მიიჩნევა - როგორც ახალი გზის დასაწყისი და ა.შ. შესაბამისად, ამ ადგილას მდგომი ადამიანების შემყურე, მძღოლი უფრო ადვილად ხვდება მათ სურვილს.

►     კიდევ ერთი გადმოსვლა - Emergency Exit. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ავტოსტოპისას მანქანის გაჩერება გვიხარია. მერე ალბათ გაგვიხარდება ისიც, რომ მანქანა ჩვენთვის სასურველი მიმართულებით მიდის. და მერე უცებ აღარ გვიხარია, როცა შიშით გავარკვევთ, რომ მძღოლი გათხლეშილი მთვრალია, არ იცის ტარება, ეძინება, რუსთაველი მანიაკი, ანდა, აპოკალიფსური განწყობით გაჯერებული ფუნდამენტალისტი კამიკაძეა. ყველა ასეთ შემთხვევაში უცვლელია ერთი წესი - არავითარი პანიკა. საერთოდ არავითარი. ნულოვანი. ყველაფერი რიგზეა - მძღოლს თავისი გეგმები აქვს, ჩვენ - ჩვენი. მთავარია, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ პანიკა ძალიან მოწყვლადებს გვხვდის ყველაფრის მიმართ. სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი პირობა სიმშვიდეა. ამის შემდეგ ჩვენს მიერ მოვლენათა მსვლელობაში ჩარევის ორი შესაძლო გზა გამოიკვეთება. პირველი - საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისი ცალ ფეხზე დაკიდება და მძღოლის ექსტრემალური მანევრების შედეგად ორგანიზმში გამოყოფილი ადრენალინით ტკბობა (ჩემეული მეთოდი); და მეორე - მიზეზის დაკონკრეტების გარეშე, ან რაღაც სხვის მომიზეზებით თხოვნა მძღოლისთვის, რომ გაგვიჩეროს, ჩასვლა გვინდა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, რომ  შეიძლება ავტოსტოპისთვის საკმაოდ მოუხერხებელ ადგილას მოგვიწიოს ჩამოსვლა. რა გაეწყობა, იმედია, შემდეგი მძღოლი ცოტა უკეთესი შეგვხვდება...

►     ჩაცმულობა და აქსესუარები. მზის სათვალეზე და თვალებზე ჩამოფხატულ ქუდზე რაც მეწერა, იმედია, გახსოვთ. უფრო სწორად, ბლოგზე მეწერა, არც ქუდზე და, მით უმეტეს, არც სათვალეზე. დანარჩენები დეტალებიც მნიშვნელოვანია. კარგია მეტ-ნაკლებად ფერადი ტანსაცმელი - შორიდანვე მიიქცევს ყურადღებას და, სავარაუდოდ, სახეების გარჩევამდე უკვე შექმნის წინასწარ დადებით განწყობას (სულ მცირე, შავ ან რუხ ტანსაცმელთან შედარებით მაინც). ტანსაცმლის გარდა, გასათვალისწინებელია ბარგის საკითხიც. სრულიად უბარგოდ ყოფნა არ არის სასურველი - მაინცდამაინც არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სადმე მივემგზავრებით. უფრო ის შეიძლება ეგონოს გამვლელ მძღოლს, რომ აქვე შორიახლოს ფეხით წასვლა გვეზარება და არც მოუნდება გაჩერება. ასე რომ, თუკი მართლა არაფერი არ გვჭირდება, იმიჯის გამო მაინც ღირს ავტოსტოპისას თან რამის წათრევა. გიტარა ცოტა ბანალურია; დამეთანხმებით, არც ბაზრობის პარკი ივარგებს მაინცდამაინც და არც აეროპორტის ბორბლებიანი ჩემოდანი. ზოგადად ზურგჩანთა, განსაკუთრებით კი სალაშქრო ზურგჩანთა ყველაზე კარგი ვარიანტია - ყველაზე მეტად ის ქმნის სწორ შთაბეჭდილებას ჩვენს სამოგზაურო განწყობაზე. არც ფოტო/ვიდეო კამერაა ურიგო და არც სალაშქრო ჯოხი - იგივე მუჯირა ან ალპენშტოკი. კიდევ ერთი ნიუანსი - დაფიქრებად მაინც ღირს: უმეტეს შემთხვევებში, ავტოსტოპისას სიგარეტის ან რამე ფორმით ალკოჰოლის გამოჩენა მძღოლებს გაჩერების სურვილს არ გაუღვივებს. ისე, ვინ იცის, იქნებ როგორ უხმება პირი ვინმე მძღოლს ნაბახუსევზე...

►     მუყაო წარწერით. ბევრ ქვეყანაში ხშირად ამის გარეშე არც დადიან ავტოსტოპით. უბრალო და მუშა ჩანაფიქრია - ვიღებთ მუყაოს, პლასტმასის, ფანერის ან ნებისმიერი მყარი ზედაპირის მქონე ნაჭერს, სულ მცირე A4 ფურცლის ზომისას (≈ 20 x 30 სმ), და ზედ სქელი ფლომასტერით ან ფუნჯით გარკვევით ვაწერთ, საით გვინდა წასვლა. გზისპირას დგომისას კი ერთ ხელში ეს წარწერა გვიკავია, მეორეში კი - ხმალი ან ღვინის ფიალა. შეიძლება გვეწეროს ქალაქის სახელი (ტოკიო), მხარე (რაჭა ან კრასნოდარი), ან, სულაც, მიმართულება (ჩრდილოეთი ან სამხრეთ-აღმოსავლეთი). ამ უკანასკნელს აზრი აქვს დიდი ქვეყნების და შორი გზის შემთხვევაში. ამგვარი წარწერა, როგორც სხვა აქსესუარები, თავიდანვე იქცევს მძღოლების ყურადღებას და უადვილებს როგორც ჩვენი თხოვნის სწორად გაგებას, ასევე, გადაწყვეტილების მიღებას.

►     გეგმა B. ჯანდაბას, ვერავის ვერ გავყევით! კი, ხანდახან ასეც ხდება მრავალი სხვადასხვა, ხან, ჩვენზე დამოკიდებული, ხანაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით (გატაკეტილი გზა, ძალიან ცოტა მოძრაობა, თარსი კატა შავი კატა...). რას ვშვებით ასეთ დროს? უმჯობესია, თუკი გზის თვითეული მონაკვეთისთვის წინასწარ გვექნება ამაზე ნაფიქრი და ალტერნატიული გეგმა მოფიქრებული. ეს შეიძლება იყოს იქვე, შორიახლოს დაბანაკება, უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ფეხით მისვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაყოლა და ა.შ. მთავარია, რომ ასეთი შემთხვევისთვის მზად ვიყოთ.

►     დღე და ღამე. და ბოლოს - კიდევ ერთი, საკმაოდ ცხადი ამბავი - ავტოსტოპით მგზავრობა (კერძოდ, მანქანის გაჩერება) დღისით, დღის შუქზე საგრძნობად უფრო ადვილია, ვიდრე ღამით. ასე რომ, გზის დაგეგმვისას უნდა ვეცადოთ ამის გათვალისწინებას, რათა უკვე საღამო ხანიდან მოვერიდოთ გზისპირას დგომას და მანქანის ლოდინს.

იმდენი რამე დაგროვდა, რაც ბოლო ორ პოსტში ვწერე, რომ მე თვითონ აღარ მახსოვს. ალბათ არც სხვას. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი მოკლედ ყველაფერს (ctrl-c ctrl-v).

                        გადაუტვირთავი გრაფიკი
                        ხელის ნიშანი
                        ვიზუალური კონტაქტი
                        დგომის ადგილი
                        რაოდენობა
                        სქესი
                        თვალებით კომუნიკაცია
                        გაჩერებისას
                        ვერბალური კომუნიკაცია
                        მიმიკა
                        მანიპულაციის გარეშე
                        მანქანაში
                        გადმოსვლა
                        Emergency Exit
                        ჩაცმულობა და აქსესუარები
                        მუყაო წარწერით
                        გეგმა B
                        დღე და ღამე

   მაინც ბევრია. და ბევრი რომ ვიფიქრე, გადავწყვიტე, კიდევ უფრო მოკლე გამოსავალი მომეძებნა. მემგონი რაღაც ვიპოვე, რაც ალბათ, საერთოა ამ სიის უმეტესი ნაწილისთვის: ავტოსტოპისას უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს თავს და ადგილს შევხედოთ და შევაფასოთ მძღოლის თვალით, შედეგები კი გავითვალისწინოთ. სულ ესაა.

Sunday, August 10, 2014

[როგორ] ანუ, ძირითადი წესები (პირველი ნაჭერი)

     მგონი, ეს ამ ბლოგის ერთერთი ძირითადი პოსტი უნდა იყოს. ვეცდები, არაფერი დამავიწყდეს, არც თავი და არც სათქმელი.
     აქვე ერთი შესწორება - ავტოსტოპი, როგორც მგზავრობის საშუალება, არაფორმალურია; ასე რომ, მისი წესებიც „დაუწერელია“ და საკმაოდ პირობითი, დამოკიდებული ქვეყანაზე თუ კულტურაზე. რაც ამ პოსტში წერია, არის ალბათ არა იმდენად წესები, რამდენადაც ზოგადი რჩევები, რომლების გათვალისწინებაც სავარაუდოდ, გააადვილებს და უფრო სასიამოვნოს გახდის ავტოსტოპობას. ზოგიერთი მეტ-ნაკლებად უცვლელია სხვადასხვა შემთხვევაში, რაღაც-რაღაცეები - უფრო ქართული რეალობიდან გამომდინარე. რა რომელია, იმედი მაქვს, ეტყობა :)
     რაც შეეხება თანმიმდევრობას - ესეც პირობითია. სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება ერთი წესი (თუ რჩევა? ეს ორი სათაური მომკლავს!) უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მეორე და პირიქით. ასე რომ, დავწერ რაც და როგორ გამახსენდება.

►     ავტოსტოპისას თავიდან უნდა ავიცილოთ გადატვირთული გრაფიკი: კარგად გამართლებული ავტოსტოპით მგზავრობა საშუალოდ უფრო სწრაფი კია, ვიდრე სამარშუტო თუ ავტობუსი, თუმცა სრულიად არაპროგნოზირებადია: ერთ დღეს თუ ათიოდე წუთში გააჩერა რამე მანქანამ, იმავე ადგილას და დღის იმავე დროს მეორე დღეს შეიძლება საათზე მეტი დგომა მოგვიწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი სადმე მისწრებაა საჭირო, ავტოსტოპი ან არ ვარგა, ანდა, ჩვეულებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროზე სულ მცირე, 1,5-ჯერ მეტი დრო უნდა იყოს მარაგად. მაგალითად, 3 საათი 2საათიან გზაზე.

►     ხელის ნიშანი: გზაზე დგომისას და შემხვედრი მანქანების გაჩერებისას არ ივარგებს ის მოქმედებები, რომლითაც ტაქსს, სამარშუტოს ან ლუდით კარგად მომარაგებულ ბირჟასთან ჩავლილ მეზობელს ვაჩერებთ ხოლმე. ალბათ თითქმის მთელ მსოფლიოში, სადაც ავტოსტოპი გაუგიათ მაინც, გაუგიათ ამ ფორმით - გზისკენ გაშლილი მკლავი და აწეული ცერი - ზუსტად ისე, როგორც სურათზე ჩანს. სხვანაირად მძღოლს ხელს ვუშლით, სწორად გაიგოს, რა გვინდა მისგან და მისი მანქანისგან.

►     ვიზუალური კონტაქტი. რაც უფრო ადრე და კარგად დაგვინახავს მძღოლი, მით უფრო მეტია შანსი, რომ გაერკვეს, რა ხდება და გააჩეროს. უცნაურია, მაგრამ არგამჩერებელი მძღოლების დიდი უმრავლესობა სქელკანიანი გარგარი კი არ არის, არამედ ისინი ძალზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც მართვის პროცესში ჩართულები, დროის რამდენიღაცწამიან მონაკვეთში (ჩვენი შემჩნევის მომენტიდან ჩავლამდე) ვერ ასწრებენ ორ რამეს: დანახულის ბოლომდე გაცნობიერებას და, ამის შემდეგ, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ ვარგა მოსახვევის თუ გვირაბის მერე დადგომა საავტოსტოპედ. პირიქით, სასურველია ისეთი ადგილის არჩევა, სადაც მანქანებს ძალაუნებურად ნელა გავლა უწევთ, ანდა, გაჩერების შემდეგ იძვრებიან: გრძელი აღმართის ბოლო, გზის ოღროჩოღრო ნაწილის შემდეგ, ავტოგასამართი სადგურის თუ გზისპირა სავაჭრო ზონის ბოლოში და ა.შ.. ზოგადად - მძღოლს საკმაო დრო უნდა ჰქონდეს, რომ შეგვამჩნიოს, გაგვარჩიოს, მიხვდეს რა გვინდა, შეაფასოს სიტუაცია - შეუძლია თუ არა გაჩერება, აქვს თუ არა ადგილი და მიიღოს გადაწყვეტილება.

►     დგომის ადგილი. მძღოლები კარგად უნდა გვხედავდნენ, მაგრამ მათ მოძრაობაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ. უნდა ვიდგეთ ისე, რომ მთლიანად - ბარგიან-ხელიანად გზის სავალი ნაწილის მიღმა ვიყოთ. მცდარი წარმოდგენაა, თითქოს თუ მანქანებს გადავუდგებით და შევაფერხებთ, უფრო გაგვიჩერებენ. პირიქით, ამგვარი შეფერხება აგრესიას და მსგავს უარყოფით განცებს იწვევს მანქანაში მყოფთათვის. ასე რომ, გვახსოვდეს - გზის სავალი ნაწილი მანქანებისაა, განაპირა მხარე - ჩვენთვის. საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან დანაშაულია, მძღოლის მხრიდან -  გააჩნია: გვიჩერებს თუ გვეჯახება. არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დგომის ადგილის შორიახლოს მძღოლს მანქანის გაჩერება უნდა შეეძლოს - ჯერ შენელება და შემდეგ გზისპირას გადმოსვლა. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ გზის სიგანე, მოძრავი მანქანების სიჩქარე და მათ შორის დისტანცია.

►     რაოდენობა. ვინ გვინდა, რომ გაგვიჩეროს? უმეტეს შემთხვევაში სამიზნე ტრანსპორტი მსუბუქი და სატვირთო მანქანებია, მაქსიმუმ 4-5 შესაძლო თავისუფალი ადგილით, უფრო ხშირად კი - 2-3-ით. შესამაბისად, თუკი უფრო მოზრდილი ჯგუფი ვართ, სასურველია ორ ან მეტ ნაწილად გაყოფა. საშუალოდ, მარტო მდგომ ადამიანს უფრო იშვიათად უჩერებენ, ვიდრე ორ ან სამს. იდეალური რაოდენობა 2 გამოდის, რაკი 3 თავისუფალი ადგილის ალბათობა ცოტა ნაკლებია. 4? ესეც შესაძლო რაოდენობაა, თუმცა მძღოლის სურვილს დასაჯდომმა ადგილებმაც უნდა შეუწყოს ხელი. 5 უკვე ბევრია. დგომისას უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამე: ყველანი უნდა ვჩანდეთ, როგორც ერთი ჯგუფი. არცერთ მძღოლს არ გააბედნიერებს გაჩერების შემდეგ მოულოდნელად გამოჩელილი ადამიანები. უფრო მეტიც, თავს მოტყუებულად იგრძნობს.

►     სქესი. დავიწყებ კარგით. განვითარებულ ქვეყნებში ავტოსტოპისას ამ ფაქტორს თითქმის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა უფრო ახლო რეალობა. საქართველოში ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ბიჭის და გოგოს შემთხვევაში ავტოსტოპი საგრძნობად უფრო ადვილია, ვიდრე ორი ბიჭის, ან, ორი გოგოს შემთხვევაში (ამათა, პატრონი არა ყავთ?). ცალკე თემაა მძღოლის სქესი. რასაც მიხვდით, სავსებით სწორია - საქართველოში ავტოსტოპისას ქალები ზოგადად ვერ აჩერებენ, მით უმეტეს, თუკი გზისპირას ერთი ბიჭი მაინც დგას. მათ ხომ ის დაინახავს და მერე რას იფიქრებს და მერე რას იტყვის... საქართველოში ავტოსტოპის 4-5 წლის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ გამიჩერა ქალმა (სამივე შემიყვარდა მათი ამ გადაწყვეტილების გამო), მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში პრინციპში, ქალებს კაცებისნაირი სიხშირით გაუჩერებიათ, მათ შორის, არაერთხელ პატარა ბავშების თანხლებით.

►     თვალებით კომუნიკაცია. კი, ასეა. მარტო ხელი ხშირად საკმარისი არ არის. მით უმეტეს, ავტოსტოპისას. რაც არ უნდა დიდი შემართებით გვქონდეს გზისპირას ხელი გაშვერილი, თუკი თან facebookზე ჩვენი დამთაგველის ვოლზე დაწერილი ბოლო კომენტარის ავტორის პროფილის ახალი სურათის დალაიქების პროცესში ვართ ჩაფლულები, ანდა, შაურმას შევექცევით და შიშით ველით ცოფიანი წიწაკის ნაღმს, რიგითი მძღოლი უბრალოდ, ხელს არ შეგვიშლის ამ დიად საქმეებში და უხმაუროდ გაეცლება ადგილს. მგონი, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ჯგუფური პასუხისმგებლობა იგივეა, რაც პასუხისმგებლობის არარსებობა. ამიტომ, გასათვალისწინებელია, ყოველი გამოვლილი მძღოლი ხედავდეს, კონკრეტულად მას რომ ვთხოვთ გაჩერებას. ამისათვის, რამდენადაც მოძრავი მანქანების სიხშირე იძლევა საშუალებას, რაღაც ხანი ყველა პოტენციურად გამჩერებელ მძღოლს უნდა შევხედოთ თვალებში რიგრიგობით. თუკი მძღოლი არ ჩანს, უნდა შევხედოთ შუშის მიღმა იმ ადგილს, სადაც ის გვეგულება (გვემალება). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელის ნიშანთან ერთად, მძღოლიც ხედავდეს ჩვენს თვალებს პირდაპირი მნიშვნელობით. ავტოსტოპისას კეპიანი ქუდი, თვალებზე ჩამოფხატებული პანამა და, განსაკუთრებით, მზის სათვალე (არადა რა კაია) ხელისშემშლელია: ბევრისთვის, ვინც არ გვიჩერებს,  ის მიზეზიც საკმაოა, რომ უცნობს ხედავს გზაზე, და როცა გზაზე დგას უცნობი უცნობი სახით?

►     აი, გაგვიჩერეს. რას ვაკეთებთ? გვიხარია. კი, ეს პირველია. მერე, მოვავლებთ ხელს ბარხანას (საჭირო ჩვევაა - სადაც ვიდექით, იმ ადგილისთვის საბოლოო თვალის შევლება, რამე ხომ არ გვრჩება) და გავრბივართ მანქანისკენ. ზურგჩანთებით თუ სხვა ბარგით სირბილი ადვილი არ არის. რაკი გააჩერა, უახლოეს წამებში მძღოლი სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას არ შეცვლის. თუმცა, ჯობია, მაინც გავიქცეთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში სწრაფად მაინც ვიაროთ - ჩვენი მხრიდან ეს იმის ჩვენებაა, რომ მძღოლის დროს პატივს ვცემთ და, შეძლებისდაგვარად ვუმოკლებთ ლოდინს. მიაქციეთ ყურადღება - ხშირად, პარალელურად მძღოლებიც ითვალისწინებენ ჩვენს ტვირთს და, გაჩერების შემდეგ უკუსვლით მოდიან ჩვენსკენ.  მივადექით მანქანას. მართალია, უმეტეს შემთხევევაში მძღოლი მარცხნივ ზის, მაგრამ მანქანას მარჯვნიდან უნდა შემოვუაროთ: სხვანაირად გზის სავალ ნაწილთან ახლოს, ან ზედ სავალ ნაწილზე აღმოვჩნდებით და ჩვენს თავსაც და სხვებსაც დიდ საფრთხეს შევუქმნით. 
    ►     ვერბალური კომუნიკაცია. სრულდება არავერბალური კომუნიკაციის ეტაპი. მივედით მანქანასთან (მძღოლთან). ურთიერთობის ყველაზე სასურველი დასაწყისი არის მისალმება მძღოლის მშობლიურ ენაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ ვიცით მძღოლის ენა, კარგია, თუკი „გამარჯობა“-ს მაინც მის ენაზე ვეტყვით. უკეთესია, ვუთხრათ, საით გვინდა წასვლა, ვიდრე ვკითხოთ, საით მიდის. ამის შემდეგ ირკვევა, ემთხვევა თუ არა ჩვენი და მისი გზები ნაწილობრივ მაინც. ამ საუბრისას მანქანის გარეთ ვრჩებით. ხომ შეიძლება, სულ სხვაგან მიდიოდეს. ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მძღოლისთვის მადლობის გადახდა და მერე ამოხვნეშა - ეჰ...

    კიდევ ერთი ეჰ - კაი გრძელი პოსტი გამოვიდა. არადა, ბლომად დარჩა. თან, ჯერ ვერავის ვერ დავემგზავრეთ. თუმცა, ავტოსტოპისას გულის გატეხვა არ შეიძლება - ესეც კიდევ ერთი წესი, თან, მზე ჯერ კიდევ მაღლაა.