Thursday, August 14, 2014

[როგორ] ანუ, ძირითადი წესები (მეორე ნაჭერი)

არ მეგონა, წესებთან დაკავშირებით ამდენის წერა თუ მომიწევდა. თვითეული მათგანი საკმაოდ მარტივი, ცხადი, მაგრამ მნიშვნელოვანი მეჩვენება, ამიტომაც ვერ ვიმეტებ გვერდის ასავლელად. სხვა რა გზაა - ვაგრძელებ დაწყებულს.

►     მიმიკა. გარეთ ცივა, ქრის ქარი, წამეყინა ისა, რაქვია... - ცერა თითი. აი, ვდგავართ გზისპირას, გვაწვიმს, გვათოვს, ცოტა ხანში უკვე დაგვაღამდება, გვშია, გვწყურია, აქეთ სწორი ნაწლავი ითხოვს თავის წილ ყურადღებას... და, რა თქმა უნდა, არავინ გვიჩერებს. რაღა დარჩა? ჰო, ერთი ტორნადო არ გვიახლოვდება და არც გაღარიბებული ურანის დასხივება მიგვიღია (მგონი). მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - არავინ არ გვიჩერებს. ასეთ შემთხვევებში დიდ როლს თამაშობს ერთი უბრალო ადამიანური კანონზომიერება - თუნდაც მცირე დისკომფორტი თუკი რაღაც ხანს სტაბილურად გრძელდება, ეს ცხადად გვეტყობა სახეზე, და, ზოგადად სხეულზე. სულ რომ არაფერი გვაწუხებდეს და უბრალოდ დიდხანს მოგვიწიოს ავტოსტოპისას ლოდინი, გვინდა-არგვინდა, თანდათან ნაირნაირი უარყოფითი განცდებით ავივსებით და, დამეთანხმებით, სასიამოვნო შესახედები ნამდვილად არ ვიქნებით. და ეს ბუნებრივია, თუმცა, შეკრული წრის პრინციპით არცთუ ისე სასიამოვნო პერსპექტივა გვეშლება წინ: რაც უფრო დიდხანს არ გაგვიჩერებს არავინ, მით უფრო მოგვეღრიცება სიფათი და კიდევ უფრო შემცირდება იმის შანსი, რომ საერთოდ ვინმემ გაგვიჩეროს. გამოსავალი ერთადერთია - ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და, რამდენადაც შევძლებთ, გავითვალისწინოთ. ყოველ მომდევნო მანქანას უნდა შევხედოთ და ავუწიოთ ხელი ისე, როგორც საავტოსტოპედ დადგომის პირველ წუთებში. საჭიროა სახეზე აღბეჭდილი პოზიტივი. თან ნამდვილი. ხალისი, უდარდელობა და სიმშვიდე კი არ უნდა განვასახიეროთ, არამედ, ასეთები უნდა ვიყოთ. სულ არ არის სასიხარულო, მაგრამ, დამიჯერეთ, ასე  ბევრად მეტი შანსია, ვინმემ გაგვიჩეროს. ახლა ყველზე მთავარი კითხვის ჯერია: საიდან უნდა მოვიტანოთ ეს დადებითი განცდები, როდესაც ვდგავართ, ვიყინებით და ამდენი ხანი არავინ გვიჩერებს? პასუხი: ლომის უკანალიდან (უარეს შემთხვევაში, ტუმბოჩკაც წავა). მეტი რა გითხრათ? საიდანღაც უნდა მოვიტანოთ. ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად საჭირო ინვესტიციაა - გაუთავებელი დგომა უფრო ძნელია. და ბოლოს, კიდევ ერთი რამე - არც მეორე უკიდურესობა ვარგა (ავტოსტოპისას, ცხადია!) - სიცილ-ხარხარი. ადვილი გასაგებია მძღოლის შესაძლო რეაქციები - არ გავუჩერებ, მერე რა უჭირთ, მშვენივრად არიან; ანდა გაჩერების თხოვნის სერიოზულად არ ჩათვლა და ა.შ. ესე იგი, მარტივად - გვჭირდება ზომიერად გამოხატული და დროში სტაბილური დადებითი განწყობა.

►     მანიპულაციის გარეშე. ხშირი შეცდომაა, როცა ვინმეს ჰგონია, რომ ცუდად ყოფნის, დაშავების, ნატკენი ფეხის და მსგავსი ხათაბალის გათამაშებით გაუადვილდება ავტოსტოპით მგზავრობა. არავის არ ვურჩევ ამის ცდას. ჯერ ეს ერთი, ამდაგვარი რამეების იმიტაციისას საკმაოდ უარყოფით შთაბეჭდილებას ვახდენთ მძღოლზე, რომელიც შესაძლო კონტექსტის აზრზე არ არის და ძალიან ადვილად ეგონება რამე უარესი და სულ სხვა, რის გამოც ნამდვილად არ ექნება გაჩერების სურვილი. ცალკე ამბავია თვითონ ტყუილი, რომელიც ადრე თუ გვიან გაირკვევა და დამატებით უსიამოვნებას წარმოშობს იმ იშვიათ შემთხვევაში, თუკი ვინმემ მაინც გაგვიჩერა.

►     მანქანაში. როგორც იქნა, გაგვიჩერეს და გაგვიყოლეს. დამეთანხმებით, პირველივე ფრაზებში უნდა ფიგურირებდეს „მადლობა“ და ჩვენი ქცევაც ამის შესაბამისი უნდა იყოს. სულ ერთია, ტორპედოზე გვინდა ტალახიანი ფეხების შემოლაგება თუ დაუმთავრებელი ბიჩოკი მოენატრა ფილტვებს, ყველა შემთხვევაში ჯობია თუ ჯერ მძღლოს მივმართავთ „შეიძლება“-ს შემცველი ფრაზით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვებისთვის დახმარების გაწევა - ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მომავალში
ავტოსტოპით იმგზავრებს და ვისაც ეს მძღოლი ჩაუვლის მანქანით. რას ნიშნავს ეს, მე მგონი, გასაგებია - უნდა ვეცადოთ, რომ გავაუმჯობესოთ ამ მძღოლის დამოკიდებულება ავტოსტოპისა და მეავტოსტოპეების მიმართ. უკიდურეს შემთხვევაში, არ გავაუარესოთ მაინც. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, გაუჩერებს თუ არა სხვა დროს ეს მძღოლი სხვა ადამიანებს, ან, სულაც, ისევ ჩვენ. ამისთვის ყველაზე ბუნებრივია, საუბარს მივმართოთ - კერძოდ, მძღოლთან საუბარს. იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც მძღოლს სულ არ ეხალისება საუბარი და ეს თავინდანვე ირკვევა ხოლმე. ძირითადად კი პირიქით, მძღოლების უმეტესობა ჩვენგან ხმის გაცემას და, რაღაც აზრით, გახალისებას მოელის. თემაც გამოიძებნება როგორღაც...

►     გადმოსვლა. არის ორი ვარიანტი - მანქანამ გაგვიყოლა იქამდე, სადაც მივდიოდით; ან გაგვიყოლა გზის რაღაც ნაწილზე. პირველ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია - მივდიოდით ნოჯიკეთში და ავედით ნოჯიკეთში. მეორე შემთხვევაში კი ცოტა წინდახედულება გვმართებს - შეიძლება ღირდეს უფრო ადრე ჩამოსვლა, და უკეთეს ადგილას დადგომა, ვიდრე ჩვენს სასურველ ადგილთან უფრო ახლოს ჩამოსვლა და უარეს საავტოსტოპე ადგილას აღმოჩენა. ეს ყველაზე ცხადია ორ შემთხვევაში: ♪ ) დიდი ქალაქების; და ♫ ) გზაგასაყრებთან.
   ♪ ) მაგალითად, მივდივართ ბათუმში, მანქანა კი, რომელმაც გაგვიჩერა, ქუთაისში მიდის. ქუთაისში შეყოლას ჯობია ქალაქის შესასვლელთან ჩამოსვლა - სხვანაირად შეიძლება თითქმის მთელი ქუთაისის ფეხით ან რამე სხვა ტრანსპორტით გავლა მოგვიწიოს ქალაქის მეორე გამოსასვლელამდე. ქუთაისის შესასვლელთან ჩამოსვლით შანსი გვაქვს, გავყვეთ ვინმეს, ვინც, სულ მცირე, ქუთაისიდან გაგვიყვანს.
   ♫ ) სადაც დიდი გზაგასაყარია და მანქანა ამ ადგილიდან ისევ ჩვენთვის სასურველი მიმართულებით აგრძელებს გზას, მაგრამ არა ბოლომდე (ვთქვათ, კიდევ 8 კილომეტრი გზაგასაყარიდან) უკეთესია გზაგასაყთან ჩამოსვლა. რატომღაც ისეა, რომ გზაგასაყარი ბევრი მძღოლისთვის უფრო ბუნებრივ გასაჩერებელ ადგილად მიიჩნევა - როგორც ახალი გზის დასაწყისი და ა.შ. შესაბამისად, ამ ადგილას მდგომი ადამიანების შემყურე, მძღოლი უფრო ადვილად ხვდება მათ სურვილს.

►     კიდევ ერთი გადმოსვლა - Emergency Exit. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ავტოსტოპისას მანქანის გაჩერება გვიხარია. მერე ალბათ გაგვიხარდება ისიც, რომ მანქანა ჩვენთვის სასურველი მიმართულებით მიდის. და მერე უცებ აღარ გვიხარია, როცა შიშით გავარკვევთ, რომ მძღოლი გათხლეშილი მთვრალია, არ იცის ტარება, ეძინება, რუსთაველი მანიაკი, ანდა, აპოკალიფსური განწყობით გაჯერებული ფუნდამენტალისტი კამიკაძეა. ყველა ასეთ შემთხვევაში უცვლელია ერთი წესი - არავითარი პანიკა. საერთოდ არავითარი. ნულოვანი. ყველაფერი რიგზეა - მძღოლს თავისი გეგმები აქვს, ჩვენ - ჩვენი. მთავარია, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ პანიკა ძალიან მოწყვლადებს გვხვდის ყველაფრის მიმართ. სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი პირობა სიმშვიდეა. ამის შემდეგ ჩვენს მიერ მოვლენათა მსვლელობაში ჩარევის ორი შესაძლო გზა გამოიკვეთება. პირველი - საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისი ცალ ფეხზე დაკიდება და მძღოლის ექსტრემალური მანევრების შედეგად ორგანიზმში გამოყოფილი ადრენალინით ტკბობა (ჩემეული მეთოდი); და მეორე - მიზეზის დაკონკრეტების გარეშე, ან რაღაც სხვის მომიზეზებით თხოვნა მძღოლისთვის, რომ გაგვიჩეროს, ჩასვლა გვინდა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, რომ  შეიძლება ავტოსტოპისთვის საკმაოდ მოუხერხებელ ადგილას მოგვიწიოს ჩამოსვლა. რა გაეწყობა, იმედია, შემდეგი მძღოლი ცოტა უკეთესი შეგვხვდება...

►     ჩაცმულობა და აქსესუარები. მზის სათვალეზე და თვალებზე ჩამოფხატულ ქუდზე რაც მეწერა, იმედია, გახსოვთ. უფრო სწორად, ბლოგზე მეწერა, არც ქუდზე და, მით უმეტეს, არც სათვალეზე. დანარჩენები დეტალებიც მნიშვნელოვანია. კარგია მეტ-ნაკლებად ფერადი ტანსაცმელი - შორიდანვე მიიქცევს ყურადღებას და, სავარაუდოდ, სახეების გარჩევამდე უკვე შექმნის წინასწარ დადებით განწყობას (სულ მცირე, შავ ან რუხ ტანსაცმელთან შედარებით მაინც). ტანსაცმლის გარდა, გასათვალისწინებელია ბარგის საკითხიც. სრულიად უბარგოდ ყოფნა არ არის სასურველი - მაინცდამაინც არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სადმე მივემგზავრებით. უფრო ის შეიძლება ეგონოს გამვლელ მძღოლს, რომ აქვე შორიახლოს ფეხით წასვლა გვეზარება და არც მოუნდება გაჩერება. ასე რომ, თუკი მართლა არაფერი არ გვჭირდება, იმიჯის გამო მაინც ღირს ავტოსტოპისას თან რამის წათრევა. გიტარა ცოტა ბანალურია; დამეთანხმებით, არც ბაზრობის პარკი ივარგებს მაინცდამაინც და არც აეროპორტის ბორბლებიანი ჩემოდანი. ზოგადად ზურგჩანთა, განსაკუთრებით კი სალაშქრო ზურგჩანთა ყველაზე კარგი ვარიანტია - ყველაზე მეტად ის ქმნის სწორ შთაბეჭდილებას ჩვენს სამოგზაურო განწყობაზე. არც ფოტო/ვიდეო კამერაა ურიგო და არც სალაშქრო ჯოხი - იგივე მუჯირა ან ალპენშტოკი. კიდევ ერთი ნიუანსი - დაფიქრებად მაინც ღირს: უმეტეს შემთხვევებში, ავტოსტოპისას სიგარეტის ან რამე ფორმით ალკოჰოლის გამოჩენა მძღოლებს გაჩერების სურვილს არ გაუღვივებს. ისე, ვინ იცის, იქნებ როგორ უხმება პირი ვინმე მძღოლს ნაბახუსევზე...

►     მუყაო წარწერით. ბევრ ქვეყანაში ხშირად ამის გარეშე არც დადიან ავტოსტოპით. უბრალო და მუშა ჩანაფიქრია - ვიღებთ მუყაოს, პლასტმასის, ფანერის ან ნებისმიერი მყარი ზედაპირის მქონე ნაჭერს, სულ მცირე A4 ფურცლის ზომისას (≈ 20 x 30 სმ), და ზედ სქელი ფლომასტერით ან ფუნჯით გარკვევით ვაწერთ, საით გვინდა წასვლა. გზისპირას დგომისას კი ერთ ხელში ეს წარწერა გვიკავია, მეორეში კი - ხმალი ან ღვინის ფიალა. შეიძლება გვეწეროს ქალაქის სახელი (ტოკიო), მხარე (რაჭა ან კრასნოდარი), ან, სულაც, მიმართულება (ჩრდილოეთი ან სამხრეთ-აღმოსავლეთი). ამ უკანასკნელს აზრი აქვს დიდი ქვეყნების და შორი გზის შემთხვევაში. ამგვარი წარწერა, როგორც სხვა აქსესუარები, თავიდანვე იქცევს მძღოლების ყურადღებას და უადვილებს როგორც ჩვენი თხოვნის სწორად გაგებას, ასევე, გადაწყვეტილების მიღებას.

►     გეგმა B. ჯანდაბას, ვერავის ვერ გავყევით! კი, ხანდახან ასეც ხდება მრავალი სხვადასხვა, ხან, ჩვენზე დამოკიდებული, ხანაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით (გატაკეტილი გზა, ძალიან ცოტა მოძრაობა, თარსი კატა შავი კატა...). რას ვშვებით ასეთ დროს? უმჯობესია, თუკი გზის თვითეული მონაკვეთისთვის წინასწარ გვექნება ამაზე ნაფიქრი და ალტერნატიული გეგმა მოფიქრებული. ეს შეიძლება იყოს იქვე, შორიახლოს დაბანაკება, უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ფეხით მისვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაყოლა და ა.შ. მთავარია, რომ ასეთი შემთხვევისთვის მზად ვიყოთ.

►     დღე და ღამე. და ბოლოს - კიდევ ერთი, საკმაოდ ცხადი ამბავი - ავტოსტოპით მგზავრობა (კერძოდ, მანქანის გაჩერება) დღისით, დღის შუქზე საგრძნობად უფრო ადვილია, ვიდრე ღამით. ასე რომ, გზის დაგეგმვისას უნდა ვეცადოთ ამის გათვალისწინებას, რათა უკვე საღამო ხანიდან მოვერიდოთ გზისპირას დგომას და მანქანის ლოდინს.

იმდენი რამე დაგროვდა, რაც ბოლო ორ პოსტში ვწერე, რომ მე თვითონ აღარ მახსოვს. ალბათ არც სხვას. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი მოკლედ ყველაფერს (ctrl-c ctrl-v).

                        გადაუტვირთავი გრაფიკი
                        ხელის ნიშანი
                        ვიზუალური კონტაქტი
                        დგომის ადგილი
                        რაოდენობა
                        სქესი
                        თვალებით კომუნიკაცია
                        გაჩერებისას
                        ვერბალური კომუნიკაცია
                        მიმიკა
                        მანიპულაციის გარეშე
                        მანქანაში
                        გადმოსვლა
                        Emergency Exit
                        ჩაცმულობა და აქსესუარები
                        მუყაო წარწერით
                        გეგმა B
                        დღე და ღამე

   მაინც ბევრია. და ბევრი რომ ვიფიქრე, გადავწყვიტე, კიდევ უფრო მოკლე გამოსავალი მომეძებნა. მემგონი რაღაც ვიპოვე, რაც ალბათ, საერთოა ამ სიის უმეტესი ნაწილისთვის: ავტოსტოპისას უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს თავს და ადგილს შევხედოთ და შევაფასოთ მძღოლის თვალით, შედეგები კი გავითვალისწინოთ. სულ ესაა.

No comments :

Post a Comment