Tuesday, July 22, 2014

[რა] ავტოსტოპი, როგორც ასეთი

სად მიდიხარ? ბრემენში?
შენც ბრემენში, მეც ბრემენში, წამო, ერთად ვიაროთ...

     მოკლედ რომ ითქვას, ავტოსტოპი ავტოტრანსპორტით მოძრავი ადამიანის მიერ ქვეითად მყოფი ადამიან(ებ)ის დამგზავრებაა, ამ უკანასკნელის თხოვნის შესაბამისად, რაიმე გასამრჯელოს გარეშე, მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე. 

     ალბათ ურიგო არ იქნება, გრძლადაც რომ ითქვას. ვინმესთვის მაინც იქნება საინტერესო. მით უმეტეს, ერთ კონკრეტულ მაგალითზე. 
     ერთ მშვენიერ დღეს (შეიძლება ღამითაც, მაგრამ დღისით უფრო ადვილი იქნებოდა) ბალღს ამოუვიდა ყელში თბილისში ყოფნა და მოუნდა ფასანაურში წასვლა. თბილისი-ფასანაურის გზის მატარებლის ფანჯრიდან თვალიერება, შიგადაშიგ ელმავალის შეკივლება ბალღისთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. მით უმეტეს, მისი ბრმა აიპოდის პლეილისტში ბლომად ერია სათანადო მუსიკა, მატარებელს რომ უხდებოდა ცოტა არაყთან ერთად. 
     სამწუხაროდ, როგორც ბევრმა სხვამ, ბალღმაც იცოდა, რომ თბილისიდან ფასანაურისკენ მატარებელი არ დადის. ამის მერე მას ერთი სტანდარტული გამოსავალი რჩება - დიდუბის ავტოსადგური (ავიწონოთ ზუსტი წონა აბა ბანანი გოგოებო წითელი ბასანოშკები) და მერე ფასანაურის მიკროავტობუსი (Слезы осени, слезы мои А в лагерях без суеты братва прикинет телогрейки). მგონი ყველა თანახმაა, რომ სასიამოვნო ამბავი არ იქნება ეს ყველაფერი. ამგვარი მგზავრობის მერე ძირითადად, უკვე გაუგებარია ხოლმე, რატომ იყო სასურველი ადგილი სასურველი. 
     ასეთ შემთხვევაში უკეთესად გამოიყურება ხოლმე მეორე გამოსავალი. ბალღი თბილისის სახლიდან რამეს გაყვება დიღმის ტრასის ბოლოსკენ და იქ დადგება. თბილისიდან ფასანაურისკენ ან, ზოგადად, ჩრდილოეთისკენ მიმავალი მანქანები ამ ადგილს ნამდვილად გაივლიან. ბალღი გზის პირას დგას და ხელის აწევით ანიშნებს მანქანებს, რომ საიმოვნებით დაემგზავრებოდა, თუკი დაახლოებით მაინც მსგავსი მიმართულებით მიდიან. ზოგი ამჩნევს ბალღს, ზოგი - ვერა; ზოგს ადგილი არ აქვს, ზოგს გაჩერება ეზარება, ზოგი ვერც ხვდება, რა ხდება, ზოგი ღიზიანდება, ზოგს ტერორისტების და საყოველთაო შეთქმულების ეშინია, ზოგი ტაქსია (ბალღმა ხელი ჩაწია). ვიღაც-ვიღაცეები მაინც რჩებიან ამ „ზოგების“ გარდა. ერთერთმა გააჩერა მანქანა. ბალღიც სიხარულით გაიცა და მძღოლთან რამდენიმეფრაზიანი დიალოგით გაარკვია, რომ ის გორისკენ მიდიოდა. მერე რა? ნატახტარის გადასახვევამდე ხომ გაიყოლებდა?
     ნატახტარის გადასახვევიდან ბალღს სხვა მანქანის გაჩერება უწევს. აქ უფრო ადვილად აჩერებენ ხოლმე. თუმცა მანქანებიც უფრო ცოტაა, ვიდრე დიღმის ტრასაზე. ბალღი ისევ ხელს უწევს მომავალ მანქანებს და ერთი ჩერდება... ეს მანქანა ჭონტილში მიდის (ანუ, ბაზალეთისკენ). ბალღიც მიყვება ბაზალეთის გადასახვევამდე, მერე კი შემდეგ მანქანას ელოდება. 
     შემდეგი მანქანა ყაზბეგში მიდის და ბალღიც ბედნიერია - ესე იგი, ფასანაურშიც გაივლის და მეტი მანქანის გამოცვლა აღარ მოუწევს. 
     ესეც ავტოსტოპის თავი-ბოლო: სამი მანქანის გამოცვლით ბალღი ფასანაურში ჩავიდა, არც მაინცდამაინც დაღლილა. ფასანაურში კი, მართალია, რკინიგზა არ არის, მაგრამ არის კატა ოზი და არაგვი. ერთმანეთზე უკეთესები.

No comments :

Post a Comment