Sunday, November 2, 2014

ზღვა ლუდი










    იყო და არა იყო რა. იყო ზღვა და იყო ზღვაზე წასვლის სურვილი. თავიდან მე და ვანგა ვიყავით ამ ამბავში. მეტი რაღა გვინდოდა - დიღმის ტრასა და ავტოსტოპი. შევუდექით საქმეს. ტრასაზე მალევე გაგვიჩერა მანქანამ. ჩვენც გავიქეცით მისკენ და, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მანქანის ღია კარიდან ერთმა ხელმა ლუდის მოზრდილი ბოთლი გამოწია - თავის გვერდზე გაწევა მოვასწარი, თორემ, შუბლში მოდიოდა პირდაპირ. ასე გაგვეცნენ. გაგვიზიარეს მანქანა (გორამდე) და ლუდი (ყელამდე). მეც და ვანგაც ვსვამდით. დანარჩენებიც (მძღოლის გარდა). დანარჩენები (მძღოლის ჩათვლით) ჩემი ძველი ნაცნობები აღმოჩნდნენ - ჯარისკაცები. ორი თავისუფალი დღე ჰქონდათ. არცთუ ისე ძნელად ვიცანით ერთმანეთი. მანქანაში შემოდინებული ლუდის რაოდენობამაც და ნაირსახეობამაც იმატა. მალევე, რაც მანქანაში გაჟღერდა, რომ მე და ვანგა ზღვაზე მივდივართ, მოხდა ის, რაც ასე მიყვარს და რის უნარსაც ძალიან ვაფასებ ადამიანებში: „ჩვენც ზღვაზე ხომ არ წავიდეთ?“ და წამოვიდნენ. გორი მარცხნივ მოვიტოვეთ.
   გზა კიდევ ბევრი იყო დარჩენილი. გარეთ მზე ანათებდა, მუცელში ლუდი ბუყბუყებდა, წინ ძრავი გუგუნებდა, ირგვლივ ყვავილები და ხეები მიქროდნენ, მანქანაში მწვანე ბალახი ამოიზარდა, თავში ბაობაბები აშრიალდნენ.
   საღამო ხანი. საპორტო ქალაქი. ამჯერად ხელში 9ნომერი ბალტიკას ბოთლი მიჭირავს. მანქანიდან გადმოვდივართ. ბიჭები აქედან გოგოებთან მიდიან. უკვე გზიდან შეიგულეს. მე და ვანგას ზღვა გვიხარია, მათ - გოგოები. ყველაფერი იდეალურადაა. ცოტა ხნით მაინც.
   დიდი ხნის მერე, ერთერთ ჯარისკაცს შევეხმიანე. იმ საღამოს ამბებზეც ვისაუბრეთ. აი, რა გავიგე. თურმე. მას მერე, რაც იმ საღამოს ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ, 10ოდე წუთის გასვლის შემდეგ, როცა მე, ნანატრ ზღვისპირას, 9ნომრის, ათასი სხვა ლუდის და კუჭის წვენის თბილ კოქტეილს ვარწყევდი, ბიჭები მეთაურობისგან სასწრაფო ბრძანებას ღებულობდნენ. ისევ უკან, ნაწილში გამოიძახეს. და წავიდნენ.