Thursday, July 17, 2014

პირველი პოსტის მსგავსი - რატომ ბლოგი და ა.შ.

     ამ ბლოგის შექმნა შუა ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას გადავწყვიტე. უფრო ზუსტად, ძველი გადაწყვეტილების ხორცშესხმა (ტექსტშესხმა) დავიწყე. 
     ბარემ დანარჩენსაც დავაზუსტებ. რაც დილა მეგონა, ნაშუადღევს გადაცილებული აღმოჩნდა, და მშვენიერიც მხოლოდ ამინდი და ზაფხული იყო, ყოველივე დანარჩენს კი (არეული სახლი, გამოუძინებლობა, მშიერი საძაღლეთი, გამოსახეხი კბილები...) „მშვენიერი“ ნამდვილად არ ეთქმოდა. 
     ახლა შედარებით მთავარი. ავტოსტოპი რაცაა, ალბათ ყველათვის დაახლოებით მაინც ცხადია (დაწვრილებით კი მერე და მერე, წინ მთელი ბლოგია). ჰოდა, ძალიან ბევრს დავდიოდი თუ ვმოგზაურობდი ასე. ამიტომ, ეს საკითხი (ავტოსტოპი) და მის შესახებ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სწორად ინფორმირება დიდხანს იყო ჩემთვის აქტუალური და საინტერესო. მერე ზოგიერთი რამე შეიცვალა. მყავს მანქანა, უსაშველოდ დიდი პაუზის მერე თავი მოვაბი ველოსიპედის შეკეთებას და ავტოსტოპით სიარული უკვე წელიწადზე მეტია, აღარ დამჭირვებია. როლიც შეიცვალა - ხელის გაშვერის ნაცვლად, ვცდილობ, სხვისი გაშვერილი ხელ(ებ)ი არ დამრჩეს უყურადღებოდ, ანდა, მეგობრებს ვგულშემატკივრობ უშუალოდ ან GSM სიხშირით.
     თითქოს ჩემთვის ავტოსტოპის აქტუალობა უნდა შესუსტებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა მგონი, ის დროა, ალტრუისტობის დაჩემება დავიწყო, თან, არგუმენტირებულად - მერე რა რომ მე არ მაწვიმს, დავწერ მათთვის, ვისაც აწვიმს... მგონი არ ღირს. მით უმეტეს შუა ზაფხულში, როცა სველი იასამანიც მშრალია. ერთი მეგობრის მიდგომა უფრო სწორი უნდა ჩანდეს - ბლოგი, როგორც საჯარო ინტელექტუალური მასტურბაცია. © მაიკო
    ასეა თუ ისე, თუკი ისე მოხდება, რომ ამ ქვეყანაში A წერტილიდან წერტილში მიმავალი ადამიანი უფრო ადვილად და გულდამშვიდებულად შეძლებს გზისპირას დადგომას და ვინმესთან დამგზავრებას, მართლა გამიხარდება. თანაც, ის ადამიანი შეიძლება ჩემი მეგობარი, ანდა, სულაც, მე აღმოვჩნდე. გამიხარდებას გამო კი, როგორც ჩანს, ღირს ბლოგის წერა. მით უმეტეს, თვითონ ბლოგის წერაც არ ყოფილა ურიგო. აქეთ თითების ფხანა, იქით ფერების არჩევა, აგერ კიდევ მასტურბაციაო... ასე რომ, დავიწყეთ... 

No comments :

Post a Comment