Tuesday, February 17, 2015

ავტოსტოპი სხვადასხვა ქვეყნებში

     სხვადასხვა საზღვარი სხვადასხვა სიმკაცრით ზღუდავს ადამიანს. გზა კი უწყვეტია და ზოგჯერ სიმკაცრესაც ეშველება ხოლმე რამე. საზღვრის მერე კი ხან არაფერი იცვლება, ხან კი იწყება სხვა გარემო, სხვა ენა, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული კანონები...
     თვითეული ეს „სხვა“ უკეთესი ან უარესი  აღმოჩნდება, რომელიც მოგვეწონება ან არ მოგვეწონება, შევამჩნევთ, ანდა ვერც შევამჩნევთ. ზოგი კი ისეთია, წინასწარ რომ ჯობია ვიცოდეთ.
     ორი წლის წინ სადღაც შვეიცარიაში ვიდექი  ტრასაზე და ავტოსტოპით ვცდილობდი ერთ ქალაქში ჩასვლას. კარგა ხანს არავინ გამიჩერა, მერე კი პოლიციის მანქანა მომადგა - ახალგაზრდა გოგო და ბიჭი.
     - გამარჯობა... რამე ცუდი ხომ არ ხდება? (აქ რა გინდა ბიჭო?!)
ვუთხარი, რომ არაფერი ცუდი არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ არავინ არ გამიჩერა.
     - ალბათ ადგილობრივი არ ხართ, ხო? (ვინ ხარ, რას  აკეთებ?)
არა, სულ რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი.
     - ბოდიში, მაგრამ თქვენი აქ დგომა არ შეიძლება. თუ შეიძლება, ჩვენ გამოგვყევით. (დროზე დაჯე განყოფილებაში მივდივართ)
ცოტათი ავღელდი, მაგრამ არაფერი მითქვამს, დავჯექი უკან. გზაში ამ ბიჭმა მითხრა, რომ შვეიცარიაში ავტოსტოპი აკრძალული არ არის და შემეძლო, რამდენიც მომინდებოდა, იმდენი მეავტოსტოპა, მაგრამ მაგისტრალურ ტრასებზე დგომა არ შეიძლება. მე კი ვფიქრობდი, რამე დიდ ხათაბალაში გავეხვიე თუ არც ისე დიდში.
     მოულოდნელად გოგომ მანქანა გააჩერა, ბიჭმა კი მითხრა, რომ აქ დგომა უკვე შეიძლებოდა და მიმავალი მანქანების მიმართულებაც მაწყობდა. მერე ორივემ მშვიდობიანი მგზავრობა მისურვეს, კიდევ ერთხელ მომიბოდიშეს შეწუხება, მოტრიალდნენ და წავიდნენ. სანამ ბოლომდე მოვასწრებდი აზრზე მოსვლას, წვიმა წამოვიდა და ორიოდე წუთში ვიღაცამ გამიჩერა.

დამმართნია კიდევ 1-2 დაახლოებით ამდაგვარი ამბავი. და ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყანაში შესვლისას მოულოდნელი შთაბეჭდილებების და განცდების მიღების რაც არ უნდა დიდი სურვილი არსებობდეს, რაღაცეების წინასწარ ცოდნა მაინც ღირს. სულ მცირე, გადაადგილების მეთოდის ეფექტიანობა სასურველ ტერიტორიაზე.

არის რაღაც ქვეყნები, სადაც ავტოსტოპი საერთოდ აკრძალულია (რუმინეთი, სინგაპური, კანადის და აშშ-ს ზოგიერთი შტატი...).

ზოგან პირიქით, მძღოლი ვალდებულია, გაუჩეროს ავტოსტოპისას გზაზე მდგომ ადამიანს (კუბა, წყნარი და ინდოეთის ოკეანის ზოგიერთი კუნძული)

ბევრ ქვეყანაში კი ავტოსტოპი იმდენად ჩვეულებრივი რამეა, რომ კარგ საავტოსტოპე ადგილებზე სპეციალური საგზაო ნიშნები და მიმთითებლებია - მძღოლებისთვისაც და მეავტოსტოპეებისთვისაც (ჰოლანდია, ისრაელი...)

ევროპის უმეტეს ქვეყანაში ავტოსტოპი ნებადართული და ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არის საერთო შეზღუდვა - მაგისტრალურ გზებზე (მწვანე E-ს ქსელის დახურულ ავტობანებზე) დგომა აკრძალულია. თუმცა, შესაძლებელია დგომა მაგისტრალის დასაწყისთან, სხვადასხვა მაგისტრალების დამაკავშირებელ რამპებზე და გადასახვევებზე, და ჩვეულებრივ, შიდა მნიშვნელობის გზებზე.

და დარჩა ქვეყნები, სადაც ავტოსტოპი არ არის ოფილიალურად ნებადართული და არც აკრძალულია - სადაც კანონმა მასეთი რაღაცეები ჯერჯერობით არ იცის - ყოფილი СССР-ს ქვეყნების უმრავლესობა (მათ შორის, საქართველო), ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნები და ალბათ კიდევ 1-2 სხვაც.

No comments :

Post a Comment