Wednesday, October 22, 2014

დგომის ადგილები : საქართველო

    გზისპირას ბევრნაირი ადგილია, სადაც ავტოსტოპისას შეიძლება აღმოვჩნდეთ. ზოგი დასასვენებლად და მუცლისთვის მისახედად არის კარგი, ზოგი - მოსაფსმელად, ზოგი - სელფის გადასაღებად, ზოგი მანქანის გასაჩერებლადაა მოსახერხებელი, ზოგი ისეთია, ბრმა ვარსკვლავთმრიცხველი თუ არ ხარ, გზიდან გადახვევა და მარშუტის შეცვლა მოგინდება; ზოგი კი არაფრად არ ვარგა.
     ამათგან ბოლო ორი განსაკუთრებით საინტერესო თემაა, თუმცა, ეს პოსტი ბოლოდან მესამეს ეხება - მანქანის გასაჩერებლად მოსახერხებელ ადგილებს საქართველოს მასშტაბით. უფრო ზუსტად - ადგილებს, რომელთა ვარგისიანობა ჩემი და სხვა ადამიანების გამოცდილებითაა მეტ-ნაკლებად შემოწმებული.
    აქვე ერთი კანონზომიერება, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსნაირ თავკომბალა ქვეყნებს ეხება - დიდი ქალაქიდან პატარა დასახლებული პუნქტისკენ წასვლა უფრო ძნელია, ვიდრე ამ პუქნტიდან უკან, დიდი ქალაქისკენ დაბრუნება. ამიტომ, დგომის ადგილების სიაც ამ აქცენტითაა შედგენილი.
    ასე რომ, ეს პოსტი რაღაც ფორმით რეკომენდაციების სიაა - საით წასვლისას რა ადგილას უფრო მოსახერხებელია დგომა და სად უფრო ხშირად გაუჩერებიათ ხოლმე მანქანებს წარსულში.


თბილისიდან გასვლა:

   ჩრდილოეთისკენ ან დასავლეთისკენ (მცხეთა-მთიანეთი, ქართლი და ლიხსიქით):
       ☉  დიღმის ტრასა, სადღაც აგრარული უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარე, თბილისი მოლამდე (კარფურის მიდამოებში საერთოდ მანქანების დიდი არეულობაა და საკმაოდ მოუხერხებელი ადგილია).
       ჩრდილოეთი:
       ☉  ნატახტარის გადასახვევის მიდამოები (იქვე აბრებია - გუდაური, ფასანაური, ყაზბეგი და ა.შ.)
       და დასავლეთი:
       ☉  რომპეტროლის სადგურის შემდეგ, აღმართის დასაწყისი (ცოტა ფეხით არის ხოლმე აქამდე სასიარულო, თუმცა ღირს).

   აღმოსავლეთისკენ (კახეთი):
       ☉  აეროპორტის ტრასა, მალევე აეროპორტის გადასახვევიდან (გადასახვევამდეც შეიძლება, თუმცა აეროპორტისკენ საკმაოდ ბევრი მანქანა მიდის).
       ☉  ლილოს ბაზრის მიდამოები, ბაზრის შემდეგ (აქ გავლილი მანქანების უდიდესი ნაწილი უკვე კახეთისკენ მიდის)

   სამხრეთისკენ (ქვემო ქართლი და ა.შ.):
       ☉  ფონიჭალის აღმართის დასაწყისი, რუსთავის გადასახვევის შემდეგ
       ☉  ფონიჭალის მერე, ანუ, ქალაქის ბოლო


ზოგიერთი დანარჩენი ქალაქის ირგვლივ:

   თელავში მოსახვედრად:
       ☉  გომბორის გზის დასაწყისი (მოკლე და ოპტიმალური გზა - გავლილი მანქანების სულ მცირე 90% თელავისკენ მიდის)

   ქუთაისში გამავალი გზის ადგილები (თუკი შიგ ქუთაისში გაჩერება არ გვინდა):
       ☉  ქალაქის აღმოსავლეთის ბოლო (საღორიას მხარე).
       ☉  დასავლეთის ბოლო (გზის ორივე მხარეს ბლომად ავტოსახელოსნოები).

   ბათუმიდან გამოსასვლელად:
       ☉  ქალაქის ბოლო, სადღაც პორტის მერე


სხვადასხვა მხარეში მოსახვედრად:

   რაჭისკენ:
       ☉  თერჯოლის გადასახვევი ცენტრალური ტრასიდან
       ☉  ტყიბულის ბოლო (და მალევე რაჭის დასაწყისი).

   სვანეთისკენ:
       ☉  ზუგდიდის გარეუბანი, ჯვრის გზის დასაწყისი
       ☉  ჯვარი, მაგანას ხიდთან (აქედან სვანეთამდე მარტო ტყეა).

   ფშავი, ხევსურეთი... :
       ☉  ჟინვალჰესთან, სოფ. ჩინთი (ერთადერთი სამანქანო გზა ამ მიმართულებით).

   თუშეთისკენ:
       ☉  ახმეტიდან თუშეთისკენ მიმავალი გზა
       ☉  ფშაველი, ბოლო კახური სოფელი ამ გზაზე

     სია არასრულია. დგომის ადგილები ზოგან ზუსტია, ზოგან - საორიენტაციო, ანუ, არ აქვს მნიშვნელობა 50 მეტრი აქეთ იქნება თუ იქით. ეს უშუალოდ ცალკეულ ადგილებს ეტყობა, აქ მინიშნებას აზრი არ აქვს.
     ბოლო საკითხი - როგორ გავიგოთ ეს სია. ავტოსტოპისას გადაჯდომა ხშირი და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. რამდენადაც ამის საშუალება გვაქვს, უნდა ვეცადოთ, რომ გადაჯდომის ადგილები ამ სიაში მოცემულ ადგილებს დაემთხვეს. ესე იგი, თუკი ვიცით, რომ მანქანა აქ მონიშნული ადგილის მერე კიდევ რამდენიმე კილომეტრს გაივლის, მაგრამ ეს რამდენიმე კილომეტრი სასურველ ადგილამდე დარჩენილი გზის მცირე ნაწილია, მაშინ ჯობია ამ მონიშნულ ადგილას ჩამოსვლა და შემდეგი მანქანის აქ დალოდება. პირიქით, თუკი აქ მონიშნულ ადგილამდე რაღაც მანძილით ადრე მოგვიწია ჩამოსვლა, ხშირად ღირს რაღაც მანძილის ფეხით გავლა, რომ ზუსტად იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ავტოსტოპი უფრო ადვილია.

No comments :

Post a Comment